logo
ENG



"ოცნება” ცვლილებებს დოქტორანტურასა და რეზიდენტურაშიც გეგმავს

17 აპრ 202616:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/17/amkdddxlvcsmhds.png

"ოცნების" მთავრობა დოქტორანტურისა და რეზიდენტურის სისტემის განახლებაზე მუშაობს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება როგორც მესამე საფეხურის შინაარსს, ისე დაფინანსების მოდელს.

საკითხი სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ დააყენა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეზიდენტურის შესაძლო უფასოდ უზრუნველყოფაზე, რის დადასტურებაც მოადგილეს სთხოვა.

ლადო კახაძის საპასუხოდ ზვიად გაბისონიამ განაცხადა:

"რაც შეეხება უფასო სწავლებასთან დაკავშირებით საკითხს, პრემიერ-მინისტრისგან სამინისტროს მიღებული გვაქვს დავალება, რომლის მიხედვითაც, უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ მესამე საფეხურთან დაკავშირებულ მოდერნიზების საკითხზე. ვგულისხმობ დოქტორანტურას - ეს ეხება როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე დაფინანსების ნაწილს და აქვე ვგულისხმობთ რეზიდენტურის ნაწილსაც, რადგან ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი.

თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ეს საკითხი დააყენა და სთხოვა მთავრობას, რომ იქნებ ამ ნაწილში ყოფილიყო მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ რეზიდენტურის ნაწილი ძალიან ძვირად ღირებულია და რეზიდენტურის სტუდენტებს, პრაქტიკულად უწევთ, ასე ვთქვათ, სახლიდან თანხის გადახდა, ანუ ჯიბიდან, მშობლებიდან თანხის გადახდა, რადგან როგორც წესი ისინი არ მუშაობენ და შესაბამისად ძალიან დიდი ფინანსური წნეხია. ეს იწვევს ქვეყნიდან გადინებასაც და ამის სტატისტიკაც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს.

ამიტომ გიდასტურებთ, რომ არის უმნიშვნელოვანესი და რთული საკითხი, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისგან გვაქვს დავალება, რომ ზუსტი გამოთვლები გავაკეთოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას და ბიუჯეტს დღეს, ან ეტაპობრივად ხომ არ გავაკეთოთ, ან ვთქვათ რომელი პერიოდიდან გავაკეთოთ, მაგრამ ეს დავალება ვადასტურებთ, რომ მიღებული გვაქვს და ამ საკითხზე ვმუშაობთ”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.


close დახურვა